Tags

, , ,

2010-03-15

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა ტელეკომპანია “იმედის” იმიტირებული “ქრონიკა” გააპროტესტეს.

დღის 12 საათზე თსუ-ს მეექვსე კორპუსთან 50-70 სტუდენტი შეიკრიბა მოწოდებით – “ნუ იტყუები”.  მათ ხელში ეჭირათ ბანერები, რომელზეც  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე – 13 მუხლის  მე  – 5 პუნქტი იყო ამობეჭდილი.

აქციის ერთერთი ორგანიზატორი ნინო თოფურიძე აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია აპოლიტიკურია და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა აზრს გამოხატავს.

“სტუდენტმა ჟურნალისტებმა, ჩვენმა ფაკულტეტმა გადავწყვიტეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი არაპოლიტიკური პროტესტი იმ ფაქტის მიმართ,  რაც გააკეთა “იმედის” ტელევიზიამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არა მარტო ქცევის კოდექსის, არამედ ყველანაირი ადამიანური ეთიკის  დარღვევა. არ შეიძლება იყო ჟურნალისტი და არ იცოდე ის ელემენტარული წესები თუ  ამ დროს როგორ უნდა მოიქცე. მიგვაჩნია, რომ ეს არის აუდიტორიის მიზანმიმართული შეყვანა შეცდომაში და ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ჟურნალისტმა გაუკეთო შენს მაყურებელს” – განუცხადა თოფურიძემ “24 საათს”.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აქციის ორგანიზატორი ნინო გელაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ  სტუდენტებმა მომხდარი კარგად უნდა გაიაზრონ.

“ჩვენ ვამბობთ, რომ უნივერსიტეტი არის ის ადგილი , სადაც ჟურნალისტები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ არ უნდა მოიქცნენ. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცნენ. ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტებმა ეს კარგად გაიაზრონ და მოვუწოდებთ ლექტორებს, რომ დაიმახსოვრონ ეს ფაქტი და აუხსნან, ასწავლონ სტუდენტებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ” – აცხადებს გელაშვილი.

სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, რომ მოქმედი ჟურნალისტები მომხდარს ძალზე პასიურად შეხვდნენ.

ორიგინალი